GEO
 

 

Disappeared Females

02.02.10 -


სქესთა თანაფარდობის დარღვევით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 2008 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველ 100 გოგონაზე 128 ბიჭი იბადება. მეცნიერები ამ მონაცემს სქესობრივი დისკრიმინაციის ინდიკატორად განიხილავენ და სელექტიურ აბორტებთან და ინფანტიციდთან, ანუ ახალშობილთა მკვლელობებთან, აკავშირებენ.
ანა ტაბატაძე

სხვადასხვა მონაცემით, მსოფლიოში 60-დან 107 მილიონამდე გოგოა გამქრალი. მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინდოეთსა და ჩინეთს აქვთ. თუმცა, პროცენტული დაანგარიშებით კავკასიის ქვეყნები სიის სათავეში არიან.

ექსპერტების აზრით, სქესებს შორის თანაფარდობის დარღვევა ორსულობის ადრეულ დიაგნოსტიკას უკავშირდება. ულტრაბგერითი გამოკვლევა ნაყოფის სქესის დადგენისა და არასასურველი სქესის ნაყოფის მოშორების საშუალებას იძლევა. ასე გაჩნდა "გამქრალი გოგოების" ცნება იმ ქვეყნებში, სადაც საზოგადოება ბიჭების მიმართ არის მიკერძოებული.

თანაფარდობა სქესს შორის საქართველოში 1994 წლიდან ირღვევა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ჩვენთან ულტრასონოსკოპიის პრაქტიკა.

აღიარებულია, რომ ახალშობილებში სქესთა ნორმალური განაწილებისას ყოველ 100 გოგონაზე 104-107 ბიჭი უნდა მოდიოდეს. ჩინეთში ყოველ 100 გოგოზე 122 ბიჭი იბადება, საქართველოში კი 2008 წლის მაჩვენებელმა ჩინეთისას გაუსწრო და 100 გოგონაზე 128 ბიჭი შეადგინა.

დემოგრაფიის ექსპერტის გია წულაძის თქმით, ჩინეთის მონაცემები სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკით აიხსნება, რომელიც ერთი ბავშვის გაჩენაზეა მიმართული. საზოგადოებაც ვაჟზე ორიენტირებულია, ქალის როლი კი დაკნინებულია. იქ გოგონები ქრებიან იმ ფონზე, რომ ზოგადად შობადობა მცირდება, ჩვენთან კი გოგონებსა და ბიჭებს შორის დისბალანსი გაზრდილი შობადობის ფონზე მიმდინარეობს.

ამ პარადოქსული მონაცემის ღრმა ანალიზი სათანადო კვლევების გარეშე შეუძლებელია. ამიტომ სპეციალისტები მხოლოდ ვარაუდობენ, რომ ჩვენთან ან დაბადებულთა აღრიცხვა არ ხდება სრულად, რაც გამქრალი გოგონების რაოდენობას ზრდის; ანდა გოგონებს, როგორც არასასურველ ნაყოფს, დედები სელექტიური აბორტებით გამიზნულად იშორებენ. "თუ ამ ვერსიას გავყვებით, ყოველწლიურად საქართველოში 2000-ზე მეტი ქალი, შვილის არასასურველი სქესის გამო, მიზანმიმართულად უნდა იკეთებდეს აბორტს", - ამბობს წულაძე.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2007 წელს საქართველოში 20.000-მდე აბორტი გაკეთდა. სხვადასხვა გათვლით, აბორტების რიცხვი დაფიქსირებულზე 4-ჯერ მეტია, რადგან ჯერ კიდევ ხშირია არალეგალური აბორტების შემთხვევებიც.

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ადგენს, რომ ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას; 12 კვირის შემდეგ კი აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით. შესაბამისად მათ, ვისაც ბიჭის გაჩენა სურთ, სქესის დადგენა 12 კვირამდე ეჩქარებათ.

რაც შეეხება სქესის შერჩევის საკითხს, ქართული კანონმდებლობა კრძალავს მხოლოდ ხელოვნური ჩასახვის მეთოდების გამოყენებას, სქესის შერჩევის მიზნით, თუმცა არაფერია ნათქვამი, ამავე მიზნით აბორტების აკრძალვის შესახებ. ეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, გივი ჯავაშვილის თქმით, ეს თემა დღემდე არც ეთიკის კომისიის განხილვის საგანი გამხდარა.

პროფესორ ზურაბ საბახტარაშვილის თქმით, ყოფილა შემთხვევები, როცა ორი გოგონას მშობლებს, თუ მესამე ბიჭი არ უჩნდებოდათ, გამოუთქვამთ აბორტის გაკეთების სურვილი. "მაგრამ ეს მხოლოდ ემპირიული დაკვირვებაა, რომელსაც ზურგს სათანადო კვლევები ვერ უმაგრებს", - ამბობს ის.

ჩვენ მიერ გამოკითხული ხუთი ექოსკოპისტი კი ერთხმად აღიარებს, რომ მათ კლიენტებს შორის თითქმის ყველას აინტერესებს ბავშვის სქესი, უმრავლესობას კი ბიჭის ყოლა სურს.

ექიმი რადიოლოგი სერგო მათითაშვილი ამბობს, რომ გასასინჯად მასთან დღეში 20-მდე ორსული მიდის. 10 პაციენტიდან რვას სქესი აინტერესებს. მათითაშვილის თქმით, შვილის სქესი განსაკუთრებით რეგიონებში აინტერესებთ. ახალ ტექნოლოგიებში გაუთვითცნობიერებელი მოსახლეობისთვის ექოსკოპიის საჭიროება მხოლოდ სქესის დადგენით შემოიფარგლება. "ამის გამო ხშირად ჩივიან ჩვენი კოლეგები რეგიონებიდან", - ამბობს მათითაშვილი. თუმცა მსგავსი ეთიკური საკითხები არც სამედიცინო კონფერენციებზე განუხილავთ.

ტატიშვილის სახელობის საკონსულტაციო ენდოსკოპიის ცენტრსაც დღეში საშუალოდ 20-მდე ორსული აკითხავს. ექიმი რადიოლოგი ქეთევან მკალავიშვილი ამბობს, რომ მის კლიენტებს ადრე უფრო ხშირად, მაგრამ ახლაც აინტერესებთ ხოლმე ბავშვის სქესი, არასასურველი სქესის გამო აბორტი რომ გაიკეთონ. ასეთი პაციენტები არ მალავენ, რატომ უნდათ სქესის გაგება. "მე რომ არ ვუთხრა, სხვა ეტყვის, ვერც დავუმალავთ, ექოსკოპისტის მოვალეობა არ არის დამალვა, არამედ რეალობის აღწერაა", - ამბობს მკალავიშვილი.

ცენტრის ხელმძღვანელი საშა ფაჩუაშვილი პრაქტიკაზე დაყრდნობით ამბობს, რომ აბორტის გაკეთების მიზნით სქესის დადგენა კლიენტების 20 პროცენტს აინტერესებს. ასეთი შემთხვევები თვითონაც ჰქონია, რის გამოც, უარი განუცხადებია მომსახურების გაწევაზეც და გასამრჯელოზეც. "როცა მივმხვდარვარ, რისთვის აინტერესებთ სქესი, აღარ დამიწერია პასუხი. ეს იქნებოდა ჩემი მონაწილეობა მკვლელობაში", - ამბობს ფაჩუაშვილი.

დავით ვასაძე "ჯანმრთელობის სახლის" ერთ-ერთი ექოსკოპისტია. მისი თქმით, 18 კვირის შემდეგ უკვე თვალნათლივ ჩანს სქესი. ამბობს, რომ სქესის დადგენა ექოსკოპიით უფრო ადრეც შეიძლება: "კლიენტებს პრინციპულად არ ვეუბნები ადრეული ორსულობის პერიოდში სქესს. ამას მხოლოდ მაშინ ვაკეთებ, როცა ვიცი, რომ ეს მისი პირველი ორსულობაა და ბავშვს ნამდვილად გააჩენს. თუ განმეორებითი ორსულობაა, მაშინ არ ვეუბნები, რადგან ვიცი - თუ ერთი გოგო ჰყავს და ბიჭი უნდა, გოგოს შემთხვევაში, წავა და აბორტს გაიკეთებს. ეს ჩემი პირადი შეხედულებაა - არ ვუწყობ ხელს აბორტებს", - ამბობს ვასაძე.

"ჯანმრთელობის სახლი" კი ზოგადად იმით არის ცნობილი, რომ 10-11 კვირის ორსულთა გამოკვლევას ახდენს სქესის დადგენით. ამის შესახებ ინფორმაციას თავიანთ სარეკლამო ტექსტებშიც მიუთითებენ. სავარაუდოდ, გამოკვლევა ცენტრისათვის მაღალშემოსავლიანია: ცენტრს დღეში საშუალოდ 20-მდე ქალი მიმართავს. გამოკვლევის ფასი კი 50 ლარია. ამ კლინიკაში სქესს ნაადრევად ადგენს დირექტორის მოადგილე, ამირან გურგენიძე. ის ამბობს, რომ პაციენტები, მართალია, ადრეული ორსულობისას ხშირად მიმართავენ, მაგრამ იშვიათად იშორებენ ნაყოფს. გურგენიძე იმასაც უშვებს, რომ სქესის 11 კვირაზე დადგენისას, შესაძლოა, შეცდომაც მოხდეს: "თუ ვერ ვხედავ სქესს, ასეც ვეუბნები და მოგვიანებით ვიბარებ ექოსკოპიაზე. არ ვიცი ასეთი ფაქტები ჩვენთან ყოფილა თუ არა, მაგრამ უშეცდომო ადამიანი არ არსებობს", - ამბობს გურგენიძე. "100-დან მხოლოდ ერთ დედას არ უნდა გაიგოს შვილის სქესი. ჩემი აზრით, ეს სწორი არ არის, მეც მაინტერესებდა ვინ იქნებოდა, ბოლოს და ბოლოს, ბიჭს სხვანაირად ეფერები, გოგოს სხვანაირად", - დასძენს ის. გურგენიძის აზრით, რადგან მოთხოვნა სქესის დადგენაზე მაღალია, მის აკრძალვას აზრი არ ექნება. სქესის ადრეული დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ექიმის კვალიფიკაცია და გამოცდილება. ხოლო ის ექიმები, რომლებიც მშობლებს 18 კვირამდე ნაყოფის სქესს არ უმხელენ, უბრალოდ, ვერ ხედავენ.

 

გენდერული დისკრიმინაცია

საქართველოში გენდერულ დისკრიმინაციას საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები განაპირობებს. საზოგადოებებს, სადაც მაღალია ქალთა მიმართ დისკრიმინაცია, პატრიარქალური კულტურა აერთიანებთ. ასეთ საზოგადოებაში ბიჭი გოგოსთან შედარებით მეტად დაფასებული და სასურველია.

"საქართველოში გენდერული დისკრიმინაცია რომ პრობლემაა, ორი აზრი არ არსებობს", - ამბობს ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი და მაგალითად ჯანდაცვის და განათლების სფერო მოჰყავს, სადაც დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალებია, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები კი - რამდენიმე კაცი.

ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ფიქრობს, რომ ჩვენი საზოგადოების განწყობები და მოთხოვნილებები ფესვგამდგარ პატრიარქალურ კულტურაზე მიუთითებს.

გენდერის ექსპერტის ნანა ბერეკაშვილის თქმით, რაც უფრო ტრადიციულია საზოგადოება, მით უფრო ძლიერია გენდერული სტერეოტიპების როლი, სადაც ქალისა და კაცის თვისებები და მათ მიერ შესრულებული როლები მკაცრად არის განსაზღვრული და ერთიმეორის საპირისპიროდ მიიჩნევა. მაგალითად, გენდერული სტერეოტიპის მიხედვით, ქალი უნდა იყოს რბილი და დამთმობი, ხოლო მამაკაცი აგრესიული და უხეში, ქალის ადგილი სახლშია, კაცს კი აქვს გადაადგილების თავისუფლება. გენდერული სტერეოტიპები საფუძველს უქმნის სექსიზმს, ანუ ადამიანთა სქესის მიხედვით დისკრიმინაციას.

ფსიქოლოგიაში ცნობილია ე.წ. "სიძულვილის პირამიდის" მოდელი, რომელიც გვეუბნება, რომ ყოველგვარი ძალადობა უთანასწორობაზე აგებული სტერეოტიპებიდან იწყება, - ამბობს ბერეკაშვილი.

საქართველოში გავრცელებული გენდერული სტერეოტიპების დეტალური კვლევა თითქმის შეუძლებელია, რადგანაც საფუძვლიანი კვლევები ამ თემაზე არც ჩატარებულა.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 2007 წელს 1500 პირის გამოკითხა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ქცევასთან მიმართებაში, როგორიცაა სიგარეტის მოწევა, ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობების დამყარება, ქალებს ორჯერ უფრო უფრო მკაცრ შეზღუდვებს უყენებენ, ვიდრე მამაკაცებს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სელექტიური აბორტებისთვის საფუძველს გენდერული სტერეოტიპები ქმნის. და რომ გოგონებისადმი ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას შეიძლება ქალების განათლებითა და მათი ეკონომიკური გაძლიერებით ეშველოს. იდეა ის არის, რომ შეძლებული და განათლებული მშობლები გოგონების აღზრდაშიც ისევე დააბანდებენ ფულს, როგორც ბიჭებში. ყველა სტრატეგია ქვეყნის კულტურულ-სოციალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს და ინდივიდუალურია. მაგალითად, ინდოეთში ქალის მხოლოდ ეკონომიკურად გაძლიერება არ არის საკმარისი დისკრიმინაციის შესამცირებლად. ეკონომიკურად ძლიერი, მაგრამ გაუნათლებელი ქალი კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს გენდერული სტერეოტიპების დამკვიდრებას. უთანასწორობის და დისკრიმინაციის დაძლევა ქალთა განათლების გარეშე შეუძლებელია. საქართველოში არსებული პრობლემებიც ინდივიდუალურად, კვლევისა და განსჯის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

*მასალის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო ელენე ცინცაძემ

Back  

Created by Saatec