სემინარი თემაზე ”ბავშვთა უფლებები და ბიოეთიკა მედიცინაში”
02.01.10 - 
სემინარი თემაზე ,,ბავშვთა უფლებები და ბიოეთიკა მედიცინაში”
კოალიციის წევრი ორგანიზაციის “უფლება ჯანმრთელობაზე”, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის ხელმძღვანელობით, 2009 წლის 12-13 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნინვერსიტეტში ჩატარდა სემინარი DAAD–ის (გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის) ყოფილი სტიპენდიანტებისათვის და სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის, რეზიდენტებისა და მაგისტრებისათვის. სემინარს უძღვებოდა გიოთინგენის უნივერსიტეტის მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის პროფესორი კლაუდია ვისემანი.
სემინარის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს DAAD ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ბ-მა გებჰარდ რაულმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნვერსიტეტის რექტორის მოადგილემ ქ-მა რიმა ბერიაშვილმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ქ-მა მანანა ჯებაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქ-მა მაია კოპალეიშვილმა. მათ აღნიშნეს სემინარის თემის აქტუალობისა და მნიშვნელობის შესახებ და გამოხატეს სრული მხარდაჭერა ამ საკითხზე შემდგომი მუშაობის გაგრძელებისა და გაღრმავებისათვის.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა, იურისტებმა, ასევე წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია კოალიციის “ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში” საქმიანობის შესახებ.
ჯანდაცვის სამართლის და ბიოეთიკის დარგის სპეციალისტები სემინარის განმავლობაში ატიურად განიხილავდნენ ბავშვის უფლებების დაცვის იურიდიულ, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ ასპექტებს; გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზის. კონკრეტული შემთხვევბის განხილვის შემდგომ გაიმართა დისკუსია, ბავშვის უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ სამედიცინო მომსახურების პროცესში, ასვე ბავშვების სასწავლო ობიექტად გამოყენებისა და კვლევაში ჩართვის შემთხვევაში.
სემინარის დასრულებისას ხელმოწერილი იქნა ურთიერთთანამშრო-მლობის მემორანდუმი, სადაც განსაზღვრულია ამ საკითხებით დაინტერესებულ პირთა უფლება-მოვალეობანი ბავშვის უფლებების დაცვის ქსელის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობისათვის.